საბურთალოს ქუჩას მოხუცი მიუყვება და ნაგვის კონტეინერებს ჩიჩქნის. პლასტმასის მსგავსი მატერიისგან შეკერილი პალტო აცვია. მომწვანო–მონაცრისფერო პლასტმასის მსგავსი პალტო. იმდენად ჭუჭყიანია სუნიც კი აღარ ასდის, იმ ნაგვის კონტეინერის დანამატსს გავს, რომელსაც ასე აუჩქარებლად და საქმიანად ქექავს. ცალ ხელში ჟანგიანი, მოკაუჭებული რკინა უჭირავს. მგონი შეეზარდა უკვე ეს რკინა მის მარცხენა ხელს: ორივე ერთი ფერია და ორივე მოკაუჭებული. თავზე ქუდის ნარჩენი ახურავს, რომელზეც გადაყვითლებული “ნაიკის” ემბლემა იწონებს თავს. მოხუცი ისეთი ყურადღებით ჩაჰყურებს ნაგვის გაყინულ კონტეინერს – როგორც კეკლუცი და გამოპრანჭული ახალგაზრდა მამაკაცი მოპირდაპირე სუპერმარკეტში სურსათით გადაჭედილ ყუთს.
ორივე მამაკაცია, ორივე საქმიანი და ორივეს შია. ერთი მათგანი ცხოვრობს– მეორე, ცხოვრებას გვერდით მიყვება. ერთი მათგანი პრობლემებით არის დატვირთული ( სამსახური, გადასახადები, გათბობა, საჭმელი, დასვენება, გოგოები ან ბიჭები….). მეორეს პრობლემები აღარ ააქვს, აღარ ააქვს არც წარსული და არც სახელი– უკვე თვითონ არის პრობლემა: მოქალაქეთა,მთავრობის, ცხოვრების და ნაგვის კონტეინერების პრობლემა. ახალგაზრდა მამაკაცი მარკეტიდან გამოდის და დიიდი მანქანით ცხოვრებაში მიდის პრობლემებთან საბრძოლველად. მოხუცი ნაგვის კონტეინერს ტოვებს და მეორე კონტეინერის საძებნელად მიდის–სიცოცხლესთან საბრძოლველად.
ახალგაზრდა მამაკაცმა იცის, რომ იშრომა, იბრძოლა, დაიმსახურა და მოიპოვა ცხოვრების უფლება პრობლემებთან ერთად.
მოხუცმა მამაკაცმა რკინის კაუჭით, არაფერი არ იცის. ისიც კი არ იცის რატომ უნდა იცოცხლოს….მაგრამ ცოცხლობს და ამისთვის ყოველ დილით დგება არსაიდან, მიუყვება სუფთა ქალაქის ქუჩებს და ეფერება ნაგვის კონტეინერებს, რომლებიც მისი პლასტმასის პალტოს მსგავსად არ უხდება ბრენდ–მაღაზიებს და რესტორნებს.
ყოველგვარ ლოგიკას ცილდებოდა ჩემთვის, რატომ უნდა მოეძებნათ ასეთ მოხუცებს სანაგვეში საჭმელი. მეც ხომ ადამიანი ვარ და თან სასტიკი, როგორც ამას ადამიანური წესი მოითხოვს. ვფიქობდი: “რად უნდა ასეთი სიცოცხლისთვის ბრძოლა ამ საცოდავს?” პასუხს ვეძებდი და ერთ მშვენიერ საღამოს ვიპოვე, როცა ერთ–ერთი მხიარული წვეულებიდან ვბრუნდებოდი სახლში. ის მოხუცი ნაგვის ბუნკერთან ბედნიერი სახით იდგა და ნაგვის სველ პარკებს შორის ამოკაშკაშებული ციმციმა სინათლე უნათებდა გადაყავისფერბულ, გამხმარ ნაოჭიან სახეს. კარგად რომ დავაკვირდი გაოგნებისაგან ყბა დამეწელა… მოხუცი სანაგვიდან კაშკაშა ვარსკვლავებს იღებდა და უბეში ილაგებდა. მივუახლოვდი… მოხუცმა ერთი განათებული ვარსკვლავი ხელისგულზე დაიდო, სახესთან მიიტანა და ნაზად შეუბერა სული. ვარსკვლავი ბუმბულივით მსუბუქად ასრიალდა განათების ბოძებს ძუა, აუყვა მრავალსართულიანი შენობის კედელს და ცაში გამოეკიდა სხვა უთვალავ ციმციმა ვარსკვლავებს შორის.
არაბუნებრივად ბედნიერი დავბრუნდი სახლში. ჩემი საძინებლის ფანჯრიდან ვუყურებდი იანვრის სუსხიან ცას და უკვე ვიცოდი ვინ ეხმარებოდა მარკეტიდან გამოსულ ახალგაზრდა მამაკაცს, მე და ყველა სულდგმულს ამქვეყნად ოცნებების ასრულებაში.

აXიომა :)
Like this:
Like Loading...
აზრები :)