მერე მოდის ხოლმე ის დრო, როცა აღმოაჩენ რომ თურმე “ზე” ხარ!
ჰო, სადღაც მაღლა აბობღებულხარ მთაზე და ქვემოთ ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ადამიანებს ათვალიერებ.
საცოდავად დაბოდიალობენ და უხილავი საცეცებით ეომებიან ერთმანეთს. რა უნდათ? რისთვის? რათა შვილო…..?
დილა ადრიანად გამაღვიძა მომაბეზრებელმა მზის ცხელმა სხივმა. დაინახავს ხოლმე თუ არა, რომ ღამით მუქი ფარდის ჩამოფარება დამვიწყებია, მაშინვე შლეგიანივით შემოქანდება და ტვინნაღრძობი ბავშვივით მეთამაშება შიშველ სიმრგვალეებზე. დღესაც ასე მოიქცა. გაბრაზებულმა ღმუილით ოდნავ გავახილე მარცხენა თვალი და საწოლის მეორე მხარეს გადავტრიალდი!
“ოუხხხ შენნნიიიი!!!!!!!!” გადარეულივით წამოვხტი და ფანჯრის სიგანეზე მშვიდად გადაწეულ ფარდებს დავეტაკე. ისეთი ძალით გამოვაქანე ერთმანეთისკენ, რომ ერთ–ერთი მათგანის კუთხე სამაგრებიდან ჩამოწყდა და თავზე დამემხო.











